Wednesday, March 2, 2011

არაყი - რუსების ღმერთი ანუ "Третьим Будешь?!"

არაყი - რუსების ღმერთი ანუ

პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო "არაყი".რუსეთის დიდ და ჩაკეტილ სივრცეში არყით ნებისმიერი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.ერთის მხრივ,რუსეთში რეალიზებული არყის აქციზებიდან შემოსული თანხით მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსული არმიის ერთ მესამედს ინახავდნენ.მეორე მხრივ,ამ არმიის დაღუპვა სწორედ არაყმა განაპირობა.თუ ავღანეთის ათწლიან ომში 14 000 მეომარი დაიღუპა,რუსეთში ყოველწლიურად 30 000 ადამიანი იღუპება ალკოჰოლით.ალკოჰოლთან დაკავშირებულმა პრობლემამ რუსეთის თითქმის ყველა ოჯახში იჩინა თავი.ალკოჰოლიზმი რატომღაც რუსულ ხასიათთან ასოცირდება - არყის გაგონებისთანავე ადამიანები თავიანთ ქცევას ვეღარ აკონტროლებენ.მოკლედ,არაყი - რუსების ღმერთია,რომელიც 2003 წელს არსებობის 500 წელი აღნიშნა.
70-იანი წლების დასაწყისში გრომიკო ბრეჟნევთან ერთად სამთავრობო აგარაკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.საჭესთან თავად ლეონიდ ილიას ძე იჯდა,ვინაიდან მანაქანაში მარტო იყვნენ.გრომიკო გაკადნიერდა და ქვეყნისთვის "მტკივნეულ" ერთ საკითხს შეეხო: "ლეონიდ ილიჩ,რაღაც უნდა ვიღონოთ,ხალხი გალოთდა".
ბრეჟნევი დუმდა,გრომიკომ საკუთარი სიტყვები ინანა კიდეც,მაგრამ მცირედი ფიქრის შემდეგ თითქოს და გამოღვიძებულმა ბრეჟნევმა მეგობარს მიმართა:"ანდრეი,არყის გარეშე რუსების არსებობა წარმოუდგენელია."
ამ ამბავს ფარდა რუსეთის ისტორიაში არყის ყველზე დიდმა მტერმა,მიხეილ გორბაჩოვმა ახადა,რომელმაც თავის დროზე ომი გამოუცხადა არაყსა და არყის მოყვარულებს,მაგრამ უშედეგოდ.ამით მან კატასტროფული ზარალი მიაყენა წარმოებას. მეტიც,ქვეყნის პარალიზება გამოიწვია.მშრალი კანონი ქვეყნისთვის დამრუპველი აღმოჩნდა.აკრძალვამ შედეგი არ გამოიღო,სპეკულანტობას შეუწყო ხელი და დეფიციტურ საქონელზე ფასმა კატასტროფულად აიწია.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რესტორნებში არაყი ჩაის ჭიქებით მოჰქონდათ.როგორც ჩანს,მან სათანადოდ ვერ შეაფასა რუსების სასმელისადმი მიდრეკილების რეალური სურათი.არაყი საბჭოთა სისტემაზე ძლიერი აღმოჩნდა და საბოლოოდ გორბაჩოვი დანებდა.
საერთოდ,არყის წარმომავლობა საკმაოდ მისტიკურია და ამაში არც არაფერია გასაკვირი.რადგან არაყი საკრალურია,ამიტომაც რუსული თვითშეგნებისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა მისი წარმოშობის ისტორიას.მუდმივი სუბსტანცია გაშიფრვას არ საჭიროებს.როგორც ცნობილია,არყის წარმოშობის ისტორიის გაშიფრვას ხელი საკმაოდ ცნობილმა სკანდალმა შეუწყო.1977 წელს რუსული არყის ამერიკის ბაზარზე შესვლას ხელი მისმა არააუტენტურობამ შეუწყო.თუმცა,რუსები ამტკიცებდნენ,რომ ნამდვილი არაყი მხოლოდ რუსეთიდანაა.სკანდალის გამძაფრებას ხელი პოლონელების განცხადებამაც შეუწყო:ნამდვილი არაყი პოლონური წარმოშობისაა და რუსებს არა აქვთ უფლება ისარგებლონ ბრენდით "არაყი".ამ ფატმა რუსეთის ჩინოვნიკები არყის წარმომავლობის ისტორიის შეცვლის და ისტორიოგრაფიის მოძიების აუცილებლობაზე დააფიქრა.მალევე გამოჩნდა ჟურნალისტი ვილიამ პახლიობკინი არყის ისტორიის რეკონსტრუქტორი და შეიქმნა ტრაქტატი,რომელიც ერთადერთია ამ ჯადოსნური სითხის შესახებ და რომლის მიხედვითაც,პოლონელებმა არყის წარმოება რუსებზე ათიოდე წლით გვიან დაიწყეს.პოხლიობნიკი 2000 წელს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს.ზოგიერთი ისტორიკოსი არყისადმი რუსული გენის მიდრეკილებას მონღოლ-თათრულ ურდოსთან აიგიავებენ და,რაგინდ ირონიულადაც უნდა ჟღერდეს,ამაში სიმართლის მარცვალი არის.თუ ლეგენდას დავუჯერებთ,მე-15 საუკუნეში მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე დღესდღეობით არარსებული "Чудува" მონატრის ადგილას არაყი პირველად ბერებმა გამოიგონეს,დაახლოებით მაშინ როდესაც რუსები მონღოლ-თათრული ურდოსგან გათავისუფლდნენ.თავიდან ბერები გენუიდან ფეოდოსიის პორტში შემოტანილ იმპორტულ სპირტს იყენებდნენ,შემდეგ ადგილობრივი პურის არყისა და ჩვეულებრივი წყაროს წყლის შერევის შედეგად მიიღეს ჯადოსმური სითხე.ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი სიმბოლურია:არყის შექმნაში ღვითმსახურების ხელი ურევია.ფიგურებს ჩვენამდე არშემორჩენილი მონასტრის სახელიც და,რაც მთავარია,სასმელის წარმომავლობის დედაქალაქური საწყისი.მაგრამ,როგორც ირკვევა,არაყთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი რუსული მართლმადიდებული ეკლესიის მიერ მე-16 საუკუნეშია განადგურებული,ხოლო თვით არაყი ეშმაკის გამოგონებადაა შერაცხული,თუმცა თავად მღვდლები არაყს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ.
არაყის გამოხდის ტექნოლოგია - სპირტის წყალთან შერევის პროცესი - გარკვეულწილად ძველ ბერძნულ კულტურასთან უშუალო კავშირზე მიანიშნებს,როდესაც ძველ საბერძნეთში ღვინოს წყალში აზავებდნენ.როგორც ირკვევა,არაყს თავიდან ჭრილობების დასამუშავებლად იყენებდნენ.გარდა სამედიცინოდანიშნულებისა, "ცეცლოვანმა წყალმა" სწრაფად პოვა პოპულარობა სმის მოყვარულთა ფართო მასებშიც. ჯერ კიდევ 1505 წელს შვედები იტყობინებოდნენ,რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მთელი რუსეთი "ცეცხლოვანი წყლის" ალში გაეხვია.სასმელი ერთობ პოპულარული გახდა, იმდენად რომ 1563 წელს რუსეთის მთავრობამ სასმელის წარმოების უფლება "კაბაკების" მეპატრონეებს დააკისრა.სწორედ აქედა იღებს სათავეს არყის წარმოებაში არსებული კორუფცია,რამაც რუსეთის ეკონომიკაში გაურკვევლობა შეიტანა.რა საჭიროა რაიმეს შექმნა,თუ ხალხი მზადაა ყველაფერი გაიღოს არყისთვის.ლოთობა სათავეს ჯერ კიდევ კიევის რუსეთიდან იღებს,სადაც "Медову-ха"-ს მიირთმევდნენ.ამ რიტუალს მაშინ "რუსეთის მხიარულებას" უწოდებდნენ.ამ მხიარულების ცხოვრების ნორმად გადაქცევა კი არყის დამსახურებაა.ბედნიერებამ მცირე ხანს გასტანა,1648 წელს მოსკოვში და შემდგომ რუსეთის სხვა ქალაქებში " Кабацкий Бунт" აგორდა.მდგომარეობა კატასტროფული გახდა.ძლიერი სქესის მოსახლეობის ერთი მესამედი ვალებში გადავარდა,ხოლო გლეხებმა ლოთობას სოფლის მეურნეობაც შესწირეს.სახელმწიფო იძულებული გახდა არყის გაყიდვაზე მონოპოლია გამოეცხადებინა.ამან არყის ბიძაშვილის,ჩრდილოვანი "სამაგონის" წარმოებას შეუწყო ხელი.ხალხმა არყის სახლში გამოხდის მეთოდს მიმართა და ყოველგვარი აკრძალვის მიუხედავად დღემდე სარგებლობს ამ ტექნოლოგიით.ეს ყველაზე იოლი და,რაც მთავარია,იაფი საშუალებაა სასურველი სითხის მოსაპოვებლად.რუსეთში დღემდე ექსვჯერ აიკრძალა არაყზე სახელმწიფო მონოპოლია,უკანასკნელად 1992 წელს. მაგრამ ვერც ამან შეამცირა რუსეთში არყის მიმართ ლტოლვა.მონოპოლიის გაუქმებამ არყის წარმოების სფეროს კრიმინალიზაციას შეუწყო ხელი,რამაც საბოლოოდ სახელმწიფოს კვლავ ამ დარგის მონოპოლიზაციისკენ უბიძგა.როგორც ირკვევა,საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს ყველაზე მძლავრი იმპერია არა გარე მტერს,არამედ საკუთარ წიაღში აღმოცენებულ სენს ალკოჰოლიზმს ებრძოდა.
"მეცოდება რუსი ხალხი,რომელიც ასე მიეძალა სასმელს" - მიმართა ალექსანდრე მესამემ ფინანსთა მინისტრს სერგეი ვიტას,რომელმაც,თავის მხრივ,1884 წელს უპრეცედენტო აქცია - არაყის სახელმწიფო მონოპოლიზაცია განახორციელა და ამ პროცესში რუსული ქიმიის ღმერთი,დიმიტრი მენდელეევიც ჩართო.თუ მანამდე სპირტს წყალთან პრიმიტიული მეთოდით აზავებდნენ და ჯადოსნური სითხეც მზად იყო, მენდელეევმა ტექნოლოგია შეიმუშავა და არყის მიღებაში ნახშირის ორმაგი ფილტრაციის პროცესისა და სხვადასხვაგავრი ქიმიური პროცესების წყალობით არყის სიმაგრის ზღვრად 40 გრადუსი დაადგინა (39-41 გრადუსი ორგანიზმზე დამანგრეველად ზემოქმედებს).ასე განისაზღვრა არყის მიღების ტექნოლოგიური პროცესი.თავის მხრივ ზოგიერთმა მეცნიერმა,ორგანიზმზე სასარგებლო ზემოქმედების მიზნით,არყის დღიური მოხმარების ნორმად 50 გრამი დაადგინა.მაგრამ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ქვეყანა იძულებული გახდა,ფხიზელი ცხოვრებით ეცხოვრა.გამოცხადდა "მშრალი კანონი". ოფოციალურად "მშრალი კანონი" 1917 წლის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის დროსაც ძალაში იყო.თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სასმელის საწყობების ძარცვისა და უგონო ლოთობისთვის.სვამდნენ როგორც წითლები,ისე თეთრები.როგორც ირკვევა,წითლები ნაკლებად ეტანებოდნენ სასმელს,ვინაიდან ამისთვის მათ ხვრეტდნენ,რამაც საბოლოოდ მათი გამარჯვება განაპირობა.მასებში სიმპათიის მოპოვების მიზნით 1923 წელს "მშრალი კანონი" გაუქმა სტალინმა და 30 გრადუსიანი არყის წარმოებას დაუდო დასაბამი, რომელსაც ხალხმა "წითელი" პრემიერ-მინისტრის რიკოვის პატივსაცემად "რიკოვკა" დაარქვა.თუმცა სტალინის ტერორის პერიოდში რუსეთში ნაკლებად მიირთმევდნენ, - ეშინოდათ.
გავიდა ხანი და მეორე მსოფლიო ომში რუსი ჯარისკაცი ყოველდღიურ ნორმას, ლეგენდარულ 100 გრამს იღებდა სახელმწიფოსგან - მამაცობისთვის.დღემდე არყის მწარმოებლებს სჯერათ,რომ არაყმა იგივე როლი ითამაშა ნაციზმზე რუსების გამარჯვებაში,რაც "კატიუშამ",თუმცა ამ 100 გრამის დამსახურებაა ომის შემდგომი თაობის უბედურებაც.გაიზარდა არაყზე დამოკიდებულთა რაოდენობა,რაც სამოციან წლებში საკმაოდ თვალსაჩინო გახდა,ლოთობის ახალ ტალღაში გადაიზარდა და გარკვეულწილად კომუნიზმის და საბჭოთა სისტემის ნგრევის ერთ-ერთ ბიძგადაც იქცა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ არყის წარმოების სფეროში ქაოსი დამკვიდრდა, გაჩნდა არყის მწარმოებელი არაერთი იატაკქვეშა საამქრო,გაჩნდნენ "რუსული კაპიტალიზმის მამები" - "ახალი რუსები" - და ჩაირთო ველური რუსული კაპიტალის მძლავრი მანქანა.კვლავ დამტკიცდა,რომ არაყი ის რუსული ღმერთია,რომელსაც მე-19 საუკუნეში სულ ტყუილად ეძებდნენ ფილოფოს-სლავოფილები.
მენდელეევმა არა მარტო რუსული არყის ეტალონი შექმნა,არამედ კატეგორიულად მოითხოვა სასმელისთვის სახელწოდების შენარჩუნება.მანამდე სითხეს სხვადასხავა სახელწოდებით იცნობდნენ -"პურის ღვინო","მდუღარე ღვინო", "მონოპოლკა", "ცხარე", "თეთრა","პოლლიტრა","ბანკი","პუზირკი" და ა.შ.უსასრულოდ.ეს ერთადერთი სასმელია, რომელიც ევფემიზმების რაოდენობით შესაძლოა კაცის სასქესო ორგანოსაც გავუტოლოთ. მე-19 საუკუნის ბოლომდე არყის ბოთლებში ჩამოსხმა არ ხდებოდა.ჯადოსნურ ნაზავს ვედროებით ზომავდნენ - რუსეთში არყისთვის ჭურჭელი მუდმივ დეფიციტს წარმოადგენდა.არაყი ის მისტიკური სასმელია,რომელიც ალკოჰოლიკისთვის ერთგვარ "საცოლეს" წარმოადგენს,რომელთანაც ინტიმში შესვლა მისთვის სიამოვნებაა,რომლის გამჟღავნებაც ეშინია,მაგრამ არყის ხსენებით აღძრული ემოციისგან თავის შეკავებაც არ ძალუძს.თავისი შინაარსით არაყი საკმაოდ თავხედი სასმელია,რომელსაც ეროტიკისთვის დამახასიათებელი სტიქია აქვს და რომელიც გარკვეული კომპლექსისგან გათავისუფლებს, გიკარგავს შიშსა და მორიდებას.
მიუხედავად იმისა,რომ არაყი სუნით და არც გემოთი გამოირჩევა,მისი დალევისას აუცილებლად იჭყანებიან,ხშირად დედასაც იგინებიან.ის რუსებისთვის უფრო საამაყოა, ვიდრე ფრანგისთვის კონიაკი ან შოტლანდიელისთვის ვისკი.თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სმის მოყვარული საზოგადოებისთვის არა დალევის პროცესი,არამედ შედეგია მნიშვნელოვანი - შედეგი,რომელთანაც შეხება ნებისმიერ ჩვენგანს ერთეხლ მაინც ჰქონია.მსმელებს შორის არაერთი ტრადიცია თუ ცრუწრმენა არსებობს.მაგ."პირველს არ აყოლებენ","არაყი ღვინის დედაა" და ა.შ.არყის თაყვანისმცემლები ორ ჯგუფად, ალკოჰოლიკებად და ლოთებად იყოფიან და იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან,რომ ლოთები სმას საღამოს 5 საათიდან იწყებენ,ხოლო ალკოჰოლიკებს სმის მუდმივი მოთხოვნილება აქვთ.არაყთან ერთად რუსულ ფსიქოლოგიაში მისაყოლებლის სტერეოტიპად თევზეული,მჟავე კიტრი,სოკოს მარიდანი და მჟავე კომბოსტო დამკვიდრდა. რუსებმა იციან,რომ პელმენთან ერთად არყის მიღება ნირვანამდე თუ არა,კაიფამდე ნამდვილად მიგიყვანს (ისე არა მარტო რუსებმა).
მოკლედ,არაყი მართლმადიდებლობაზე,მონარქიასა და კომუნიზმზე ძლიერი აღმოჩნდა, მას რუსეთის ისტორიაში წამყვანი პოზიცია უკავია.
საერთოდ არყის თეოლოგიური არსი ჯერ კიდევ ამოუცნობია.არაყი და რუსული ეროტიკა საკმაოდ მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი - არყის ორგიაში რამდენ რუს მიამიტ გოგონას დაუკარგავს თავიცა და ქალიშვილობაც.ხშირად არაყი შობადობის განმსაზღვრელ და მის ხელისშემშლელ ფაქტორადაც გვევლინება.
რუსეთში არყისადმი კერპთაყვანისცემას არაერთი ხელნაწერი თუ წიგნი მიეძღვნა. ყველა მათგანში ერთხმადაა აღნიშნული,რომ რუსეთის ყველა საჭირო ადამიანი,ყველა ძვირფასი ადამიანი ღორივით სვამს.რუსეთში არყის სმის მოყვარულებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს:მათ მარტო დალევა არ უყვართ,ამიტომ ალკოჰოლიკებსა თუ ლოთებში ყველაზე გავრცელებული სიმბოლო სამი თითის კომბინაციით ანუ "ტრეტიმ ბუდეშ"-ით გამოიხატება,რაც ხშირად არაერთი კურიოზის საბაბი გამხდარა:მოსკოვში მყოფი სტეინბეკი ქუჩაში ორ საკმაოდ სიმპათიურ შუა ხნის მამაკაცს შეხვდა,რომლებმაც ცნობილი მწერალი სამი თითის კომბინაციით "სატრაპეზოდ" მიიწვიეს.თავიდან სტეინბეკი დაიბნა,მაგრამ ჯადოსნური სიმბოლოს მნიშვნელობის გაგების შემდეგ მათი "ნა ტროიხ" კომპანია სადარბაზოში გაგრძელდა და ,როგორც ამბობენ,მწერალს ამის შესახებ არასოდეს უნანია.არყის სმით მიღებული სიამოვნება თავისუფალი ფრენის,მორალური არამდგრადობისა და მეტაფიზიკური უწონადობის შეგრძნების ტოლფასია.უამრავი ადამიანი თვლის რომ არაყმა რუსეთს დიდი ზიანი მოუტანა.თუმცა,არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც.მავანნი ამტკიცებენ,რომ არაყმა ხალხს სტრესიდან გამოსვლის საშუალება მისცა.არაყი - გზაა,რომელიც სახელმწიფოსაგან გამიჯვნისა და საკუთარი ცხოვრებით არსებობის საშუალებას გაძლევს;გზა,რომელიც მოშვების,უსიამოვნო გრძნობის დავიწყებისა და სექსით დაკავების საუკეთესო საშუალებაა.
უნდა აღინიშნოს ისიც,რომ რუსებმა არყის ზომიერად გამოყენება არ იციან და სიმთვრალეში ხშირად აგრესიულები ხდებიან.არსად მთელ მსოფლიოში ლიტერატურა და სასმელი ასე მჭიდრო კავშირში არ ყოფილა,როგორც რუსეთში.რევოლუციონერ ნიკოლოზ ნეკრასოვს,ემიგრანტ ალექსანდრე კუპრინს,მთავარ სტალინისტ მწერალ ვენედიქტ ეროფეევს,რომ არაფერი ვთქვათ სერგეი დოვლატოვსა და რუსეთის სამოციანელთა მთელ პლეადაზე,ერთი საერთო "სენი" ბოთლთან რომანი აერთიანებდა.
დალევის მოყვარულები მათი საყვარელი "საქმიანობის" კრიტიკას არანაკლებ მტკივნეულად განიცდიან,ვიდრე მართლმადიდებლები ანტირელიგიურ პროპაგანდას. არსებობს მოსაზრება,რომ რუსი პატრიოტი არაყს არანაირ პირობებში არ გაცვლის.თუმცა არყის ფილოსოფიაში ძალადობის ბნელი კუთხეც არსებობს,რუსეთის მთავარი დესპოტები პეტრე პირველი და სტალინი სტუმრებს ძალით ასმევდნენ არაყს და ამით სიამოვნებას იღებდნენ.არაყი არა მხოლოდ სინდისის ქეჯნის,არამედ თვითგვემის გრძნობასაც აქვეითებს.აქედანაა მთავარი შეკითხვა,რომელსაც რუსი ალკოჰოლიკი ბოთლის მეგობარს უსვამს "Ты меня уважаешь"?დალევის მოყვარულ რუს ადამიანში ნამდვლად არის ერთგვარი ფხიზელი და მთვრალი შეგრძნებების ჭიდილი.ასეთი ხალხის მართვა კი ძნელია. წელს არაყს 500 წელი შეუსრულდა.ესეც სიმბოლურია.დაბადების კონკრეტული თარიღი არ არსებობს,ამიტომ იუბილარის მეგობრები "არყისძიებას" მთელი წლის მანძილზე აღნიშნავენ.

No comments:

Post a Comment