Monday, February 7, 2011

ნარკომანია

ნარკოტიკი არის თხევადი, აირადი ან მყარი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე – ცვლის ადამიანის გუნება-განწყობას, გრძნობებს და აღქმას. ამ თვისებების გამო იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ნარკოტიკები ფსიქოაქტიურ საშუალებებს მიეკუთვნება. ფსიქოაქტიურია საშუალებები, რომლებიც ზემოქმედებენ ჩვენს ცნობიერებაზე, გრძნობებსა და აღქმაზე. ნივთიერებების ფსიქოაქტივობა გამოიხატება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ამ ნივთიერების განსაკუთრებული ზემოქმედებით – მასტიმულირებელი, აღმგზნები, დამამშვიდებელი, ძილის მომგვრელი, ჰალუცინაციების გამომწვევი და სხვა ეფექტებით.
არალეგალური ნარკოტიკის ქვეშ იგულისხმება ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ფსიქიკაზე მისი განსაკუთრებული ეფექტების გამო, გამოიყენება არასამედიცინო მიზნით (ექიმის დანიშნულების გარეშე) და აქვს უნარი, გამოიწვიოს მიჩვევა, მაგრამ ეს თვისებები არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ფსიქოაქტიურ საშუალებას ოფიციალურად მიენიჭოს ნარკოტიკული საშუალების სტატუსი: ამ ნივთიერების მოხმარება მოსახლეობაში ფართოდ უნდა გავრცელდეს და შესაბამისი ინსტანციების მიერ ოფიციალურად იქნეს ჩართული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დააკმაყოფილებს ერთდროულად სამ კრიტერიუმს: სამედიცინოს – ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ნივთიერების განსაკუთრებული ზემოქმედება განაპირობებს მის არასამედიცინო მიზნით გამოყენებას; სოციალურს _ ასეთი გამოყენება მასშტაბურია და სოციალურ მნიშვნელობას იძენს; იურიდიულს _ ამ ნივთიერებას ოფიციალურად მიაკუთვნებენ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჯგუფს.
ყველასათვის კარგად ნაცნობი ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინის შემცველი სასმელები და ზოგიერთი მედიკამენტიც ნარკოტიკებს მიეკუთვნება, მაგრამ ლეგალურ ნარკოტიკებს.
Yყველა ნარკოტიკში, მიუხედავად მისი ლეგალურობისა, არის დამოკიდებულების ჩამოყალიბების გარკვეული პოტენციალი და ნარკოტიკის ლეგალურობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ნაკლებად მავნეა ორგანიზმისათვის. მაგალითად, თამბაქო და ალკოჰოლი, მიუხედავად მათი ლეგალურობისა, კაცობრიობისათვის ყველაზე უფრო საშიშ ნარკოტიკებად ითვლება, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან გავრცელებულნი არიან და ბევრად მეტი ადამიანისათვის შეუძლიათ ზიანის მოტანა.


ნარკოტიკები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანზე და მათი თვისებების მიხედვითYსამ ძირითად ჯგუფად შეიძლება გაიყოს:


ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ნერვული სისტემის აქტივობას (ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები):

ადუნებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას
ზემოქმედებას ახდენენ კოორდინაციასა და რეფლექსებზე
ამსუბუქებენ ტკივილს;
ამცირებენ შფოთვას;
ხსნიან დაძაბულობას
ანელებენ გულისცემის და სუნთქვის სიხშირეს, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს
იწვევენ დროებით უმიზეზო ეიფორიას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა ფსიქოლოგიური სტატუსი მოსდევს
იწვევენ აგზნებადობას და დაბნეულობას
იწვევენ მეხსიერების პრობლემებს
ახდენენ გავლენას აზროვნებასა და კონტროლზე
ზედმეტი დოზირების შემთხვევაში იწვევენ გულისრევას, პირღებინებას და ზოგჯერ სიკვდილსაც

ასეთი თვისებების მატარებელია, მაგალითად, ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, შესასუნთქი ნივთიერებები, ანალგეტიკები და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, მარიხუანა, ალკოჰოლი და სხვა.
აღნიშნული ნივთიერებების მიღება სხვა ნარკოტიკებთან ერთად ორმაგად ასუსტებს სხეულს, რამაც შეიძლება მისი დისფუნქცია გამოიწვიოს (ტვინში არსებული სასუნთქი ცენტრის დამბლის გამო)

ნივთიერებები, რომლებიც ნერვულ სისტემაზე გამააქტივებელ ზემოქმედებას ახდენენ (ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტები)

ამაღლებენ (მცირე ხნით) ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას;
ხსნიან დაღლილობის გრძნობას;
ზრდიან გულისცემის სიხშირეს, სისხლის წნევას, ახშირებენ სუნთქვას და ზრდიან სხეულის ტემპერატურას
იწვევენ მადის დაკარგვას, თვალის გუგების გაფართოებას,
ადამიანი ხდება ენაწყლიანი და უჩნდება პრობლემები ძილთან დაკავშირებით

ამ ჯგუფს მიეკუთვნება კოკაინი, კრეკი, ექსტაზი, მეტამფეტამინები, კათინონი, კოფეინი, ნიკოტინი, ეფედრინი, ამფეტამინები და სხვა.
აღნიშნული ნივთიერებების დიდი დოზებით მიღებას ან მუდმივ მოხმარებას შედეგად მოსდევს: აღგზნებადობა, შიში, თავის ტკივილი, მწვავე ტკივილი მუცლის არეში, შეტევები და პანიკა.


ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჰალუცინაციებს:

ცვლიან აღქმის ფუნქციას; ზემოქმედებენ ჩვენს აზროვნებასა და მხედველობაზე, რის შედეგადახ ვეღარ ვარჩევთ რეალობასა და საგნებს.
არღვევენ რეალობასთან კავშირს, ამგვარად ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ხშირად საშიშ ქმედებას ახორციელებს და შეიძლება სარიოზული ზიანი მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს.
იწვევენ გუნება – განწყობილების ცვლილებას. რეაქციები შეიძლება იყოს უკიდურესი ეიფორიიდან ღრმა პანიკამდე
იწვევენ დიდ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, მაგალითად თვალების გუგების გაფართოებას, მადის დაკარგვას, ზოგჯერ მწვავე ტკივილს მუცლის არეში და გულისრევას, ოფლიანობას, თავის ტკივილს, უძილობას, ტვინის სპაზმებს და დაზიანებას

ასეთი ზემოქმედება ახასიათებს მარიხუანას, ექსტაზის,
LშD-ს, მაგიურ სოკოებს, კეტამინს და სხვ.


ადამიანზე ნარკოტიკების ზემოქმედების ეფექტი შეიძლება განსხვავდებოდეს შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
მიღებული ნარკოტიკის ტიპი და დოზა
მომხმარებლის ფსიქოლოგიური სტატუსი
ნარკოტიკის ხშირი გამოყენება
რამდენიმე ნარკოტიკის ერთდროული გამოყენება
პიროვნული ფაქტორები, როგორებიცაა:
- ჯანმრთელობის მდგომარეობა
- წონა
- სქესი


რისკები

ნარკოტიკების მიღება სხვადასხვა სახის რისკებთანაა დაკავშირებული:

შეჩვევა
რისკი ფიზიკურ ზრდასთან დაკავშირებით – ამ სახის რისკი განსაკუთრებით აქტუალურია ნარკოტიკების მოზარდი მომხმარებლების შემთხვევაში, რადგანაც ნარკოტიკული საშუალებები აქვეითებს და არღვევს ჰიპოთალამუსის ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას, არღვევს ძილისა და კვების რეჟიმს
რისკი ფსიქოლოგიურ ზრდასთან დაკავშირებით – ადამიანი აღარ ფიქრობს პიროვნულ, ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზრდაზე, მისი ფიქრები მხოლოდ ნარკოტიკებისკენაა მიმართული
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი – ნარკოტიკული ნივთიერებები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და ნერვული სისტემების დაავადებათა განვითარებას, გულის დაავადებებისა და კიბოს წარმოქმნას.
უბედური შემთხვევებისა და სიკვდილის რისკი – ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ განცდებზე, აღქმაზე და შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს ან ზედმეტი დოზირებისგან დაიღუპოს.
სამართლებრივი რისკები – ნარკომანებს ხშირად ექმნებათ პრობლემები კანონებთან
სოციალური რისკი – ნარკოტიკებსა და ნარკომანიას შედეგად მოაქვს ახალგაზრდა ადამიანების იზოლაცია ოჯახისა და მეგობრებისგან. ნარკოტიკები გავლენას ახდენენ ადამიანების სოციალურ ურთიერობებზეც


შეჩვევა (ტოლერანტობა)

შეჩვევა ანუ ტოლერანტობა, ეს არის ფსიქოლოგიური და ხშირად ფიზიკური სტატუსი, ორგანიზმის შეგუების მდგომარეობა. ასეთ დროს უწინდელი ეფექტის მისაღებად აუცილებელი ხდება მოცემული პრეპარატის დოზის მომატება.
შეჩვევის ჩამოყალიბება გარკვეუული ეტაპების გავლის შედეგად ხდება. ეს ეტაპებია:
ექსპერიმენტული მოხმარება – ამ ეტაპზე ადამიანები იღებენ ნარკოტიკულ საშუალებას ერთხელ ან მეტად ცნობისმოყვარეობის, პრობლემების ან რაიმე სხვა მიზეზთა გამო
იშვიათი მოხმარება – ამ ეტაპზე ახალგაზრდა ნარკოტიკს განსაკუთრებული შემთხვევებისას მოიხმარს (წვეულებები, დაბადების დღეები), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა არ დგას რისკის ქვეშ: იგი სამართლებრივი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის წინაშე დგება.
პრობლემური მოხმარება – ახალგაზრდა ზრდის ნარკოტიკების მოხმარების დონეს და შეჩვევის ალბათობა იზრდება. ასეთ შემთხვევაში იზრდება რისკი, ვინაიდან ადამიანმა შეიძლება დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინოს ნარკოტიკის გამო
შეჩვევა – ამ შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარება სისტემატური ხდება, იკარგება კონტროლი, იზრდება რისკები.



რატომ მოიხმარენ ახალგაზრდები ნარკოტიკს?


იმისათვის რომ ნარკომანი და ნარკომანია შედგეს, აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: თვითონ ნარკოტიკის, გარემო ფაქტორების და პიროვნული თვისებების. არსებობს დამცავი ფაქტორებიც, რომლებიც ამ მავნე ჩვევისგან გვიცავს.

ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობს ნარკომანის და ნარკომანიის ჩამოყალიბებას:

პიროვნული ფაქტორები:

ადამიანი შესაძლოა რთული პრობლემების წინაშე იდგეს და მიმართოს ნარკოტიკებს, როგორც პრობლემებისგან გაქცევის საშუალებას
ადამიანი არ არის პიროვნულად განვითარებული და ჩამოყალიბებული, არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, აქვს დაბალი თვითშეფასება, რის შედეგადაც ვერ უძლებს სხვა ადამიანის ძალდატანებას და თანხმდება ნარკოტიკების გასინჯვაზე
პრობლემურ პიროვნულ ფაქტორს წარმოადგენს ასევე გარდატეხის ასაკი, როდესაც მოზარდები საკუთარი თავის დამკვიდრებასა და საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ. ხშირად ამისათვის დიდი დროა საჭირო და შესაძლოა მოზარდს ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობაში, ამ ყველაფრის დასავიწყებლად კი ნარკოტიკი გამოიყენოს, მეორეს მხრივ გარდატეხის ასაკში მოზარდი მიდრეკილია ახლის ძიებისკენ და ამან შეიძლება ნარკოტიკების მოხმარების პროვოცირება მოახდინოს.


გარემო ფაქტორები:

ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, რომლის ერთი ან რამდენიმე წევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ეს ახალგაზრდებს უბიძგებს დაიჯერონ, რომ ამგვარი სიტუაცია ნორმალურია და პრობლემების გადაჭრა ამ გზით სრულიად შესაძლებელია.
ადამიანს არ ჰყავს ოჯახი და ახლობლები
პიროვნება განიცდის ფიზიკურ, გონებრივ, სექსუალურ და სიტყვიერ ზეწოლას და შეურაცხყოფას
სიღარიბე, რომლის გამოც ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ სიცოცხლის უფლების დადებითად აღქმას, ამგვარად მათ ეჩვენებათ, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებას.
ადამიანი ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც მასმედიის თუ სხვა ნებისმიერი საშუალებებით რეკლამირებული კულტურული ღირებულებების მეშვეობით მას ნარკოტიკების მოხმარებისკენ უბიძგებენ
პიროვნებაზე გავლენას ახდენენ მეგობრები და მათ არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ მეგობრების დაჟინებას გასინჯონ ნარკოტიკი. ასეთ შემთხვევებში ადამიანებს ეშიანიათ არ გახდნენ გარიყულნი მეგობრებისგან.
ადამიანი ცხოვრობს გარემოში, სადაც განათლების, მუშაობის და კონსტრუქციული გართობის შესაძლებლობები ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის
პიროვნება ცხოვრობს ოჯახში, სადაც ბევრი პრობლემაა და ოჯახის წევრებს მათი გადაწყვეტის უნარი არ გააჩნიათ
ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკები ფართოდაა გავრცელებული და ხელმისაწვდომია კანონის დაუცველობის გამო.



ფაქტორები, რომლებიც იცავენ ადამიანს ნარკომანიისგან:

პიროვნული ფაქტორები:

განვითარებული ადამიანის პიროვნული უნარ – ჩვევები, როგორებიცაა რთულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, დადებითი იმიჯი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, კომუნიკაბელურობა და ა.შ.
ადამიანების დაკავება სპორტითა და კულტურული საქმიანობით
ადამიანებს კარგად ესმით თავიანთი პრობლემები
რელიგიურობა და ა.შ.


გარემო ფაქტორები:

მჭიდრო ოჯახური კავშირები
ჯანსაღი სოციალური კავშირები
ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, განვითარების შესაძლებლობა
სოციალურ – კულტურული ნორმები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებას ეწინააღმდეგება
ნარკოტიკების არახელმისაწვდომობა
კანონები
საზოგადოების სწორი მიდგომა ამ საკითხისადმი, ნარკომანიისა და ნარკომანების სწორი აღქმა და გაგება.


მკურნალობა

ნარკომანია დაავადებაა, ამიტომ ცხადია არსებობს მკურნალობის შესაძლებლობაც. მკურნალობას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია თვით დაავადებულის დიდი სურვილი და მყარი გადაწყვეტილება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების და ახლობლების მხარდაჭერა და მოთმინება.
ნარკომანებისათვის განკუთვნილი თერაპიული პროგრამები მოიცავს:
ფიზიკურ თერაპიას – რაც გულისხმობს ორგანიზმის გაწმენდას ნარკოტიკული ნივთიერებებისგან (დეტოქსიკაცია)
ფსიქო – სიციალურ თერაპიას – რაც გულისხმობს ნარკომანის სოციალურ რეაბილიტაციას. არსებობს ფსიქო – სოციალური თერაპიის სხვადასხვა მეთოდები და მათი შერჩევა ხდება ადამიანის შეხედულებებიდან, პიროვნებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. ამგვარი თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება მოკლე ან საკმაოდ გრძელვადიანი იყოს.

No comments:

Post a Comment